
"ნეკა ტელეფონში ტიროდა და მთხოვა, რომ.." - რა განაცხადა დოროყაშვილის მეჯვარემ სასამართლოზე
23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღეს დისტანციურად ნელი დოროყაშვილის მეჯვარე სოფიო შარაშენიძე დაიკითხა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:
"თარიღი არ მახსოვს ზუსტად, დავურეკე და მოვიკითხე [ნეკა]. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მან კი მითხრა, რომ ნიკასთან ვიჩხუბე და მივდივარ აღმაშენებელზე, რომ შევხვდე და ვისაუბროო… გავიდა რამდენიმე საათი. რომ არ დარეკა, მე შევეხმიანე. ტელეფონში ტიროდა ძალიან და მთხოვა, რომ მივსულიყავი მათ სახლში აღმაშენებელზე.
რომ მივედი, დივანზე იწვა და ტიროდა. ვკითხე, რა მოხდა და როგორ მოხდა-მეთქი. მითხრა, მე და ნიკამ ვისაუბრეთ და, სამწუხაროდ, შერიგება ვერ მოხერხდაო. ვკითხე, რას ეხება კონფლიქტი… ვუთხარი, რომ ესაუბრათ… თუმცა არ მისმენდა, იმდენად ტიროდა. ვეცადე, რომ ჩავძიებოდი, მეკითხა, რა მოხდა. ნეკამ მითხრა, ამერიკაში მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაო".
ქალი, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის კითხვებზე პასუხისას აცხადებს, რომ პირადად არასდროს შესწრებია, თუმცა იხსენებს ერთ ეპიზოდს: როგორც ქალი ჰყვება, დოროყაშვილისა და ბასილაშვილის თანაცხოვრების დროს ერთხელ მათთან სტუმრობა მოუწია. შარაშენიძე ამბობს, რომ სახლი უჩვეულოდ არეული იყო, განსაკუთრებით კი, სამზარეულო. რაღაც პერიოდის შემდეგ ბინაში ბასილაშვილიც დაბრუნდა — მას და დოროყაშვილს კი შემდგომ დაძაბული საუბარი ჰქონდათ სამზარეულოში.
საუბრის შინაარსს ქალი ვერ იხსენებს. ამბობს, რომ არ უნდოდა სიტუაციაში ჩარევა, ხოლო სხვა ოთახიდან ხმა არც ისე კარგად ისმოდა.
წყარო: Netgazeti.ge